Monday, June 3, 2019

მოზარდთა წიგნიერების პრობლემა

მოზარდთა წიგნიერების პრობლემა

მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა. ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელი, საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია.
ტექნიკის განვითარებამ,  ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. მაშინ, როცა მშობლები კარგად იცნობდნენ არამარტო ქართულს, არამედ რუსულ და სხვა უცხოურ ლიტერატურასაც, საპროგრამო მასალის უმეტესი ნაწილი კი ზეპირად ახსოვთ, მოზარდებს, უმეტესწილად, „ტომ სოიერის თავგადასავალიც“ კი არ აქვთ წაკითხული, ქრესტომათიული ტექსტებიდან ერთი ციტატაც არ ახსოვთ.
ვაი რა ცოდვას სჩადიან !


ვაი რა ცოდვას სჩადიან !

წიგნისაგან გაუცხოება ახალგაზრდებს აშკარად დაეტყოთ. მათი ზოგადი განათლების დონე და მეტყველების
კულტურა უკიდურესად დაბალია, ლექსიკური მარაგი – ღარიბი, აზროვნება – დაშტამპული. ამდენად, პრობლემა ძალზე სერიოზული და აქტუალურია.
მოზარდთა ცხოვრებაში კომპიუტერის დიდი როლის უარყოფა შეუძლებელია. თანამედროვე ახალგაზრდების ყოველდღიურობაში იგი მყარად დამკვიდრდა. წარმოუდგენელია, მოსწავლეს ცოდნის შეძენა სურდეს და კომპიუტერის გამოყენება არ შეეძლოს. იგი ადამიანს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოიძიოს სასურველი მასალა, დაუყოვნებლის მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, შექმნას პერსონალური ვებ-გვერდი, იმოგზაუროს განუსაზღვრელ დროსა და სივრცეში, დედამიწის გარშემო და მის ფარგლებს გარეთ, წარსულში, აწმყოსა და მომავალში.




წიგნი უდიდესი საუნჯეა
წიგნი უდიდესი საუნჯეა

მაგრამ კომპიუტერი უწიგნობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ამოავსებს. წიგნით შეძენილი ცოდნა ღრმაა და საფუძვლიანი, მისით მირებული შთაბეჭდილება – წარუშლელი, დაუვიწყარი, მასში ჩაქსოვილი სიბრძნე – დამაფიქრებელი, გულისხმისმყოფელი, მისი მხატვრული სამყაროს წვდომა – ესტეთიკური სიამოვნების მომნიჭებელი, ამეღელვებელი.
საკითხის მოსაწესრიგებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო როგორც მშობლების, ისე სკოლის მხრივ. ოჯახში თავიდანვე უნდა მოწესრიგდეს ბავშვისათვის დღის რეჟიმის შედგენა და მტკიცედ დაცვა. დღის მანძილზე წიგნისათვის გარკვეული დროის დათმობა მასში გააღვიძებს კითხვის წყურვილს, სურვილს, ინტერესს. სიტყვიერების მასწავლებლები სისტემატურად უნდა ავალებდნენ მოსწავლეებს ასაკისთვის შესაფერისი წიგნის წაკითხვას. ექიმები, ფსიქოლოგები დამაჯერებლად უნდა განუმარტავდნენ მოზარდებს, რაოდენ მძიმე შედეგები მოსდევს კომპიუტერთან ხანგძლივ ჟდომას, რარიგ ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე მხედველობის გადაღლა, ძილის რეჟიმის დარღვევა, ემოციებით გადატვირთვა.
კარგ შედეგს გამოიღებს სასკოლო (საქალაქო, რესპუბლიკური) ტურების მოწყობა წიგნიერების დონის გამოსავლინებლად და გამარჯვებულთა სტიმულირება; ძველი და ახალი თაობის შეჯიბრება საპროგრამო მასალის ცოდნაში… მსგავსი ღონისძიებები გააღვივებენ ჯანსაღი შეჯავახების სურვილს, საკუთარ შესაძლებლობათა რეზერვების ამოქმედების წყურვილსა და ინტერესს.
წიგნიერება მუდამ ამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ ამოავსებს, ამის ნათელსაყოფად სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მაგალითიც კმარა. კითხვით მონიჭებულ სიხარულსაც რომ ვერაფერი გაახუნებს, ამას ვასიკო კეჟერაძის უკვდავ-უბერებელი ხატება ადასტურებს.

რომა  ჩაჩავა

1 comment:

  1. ძალიან კარგი სტატიაა.მართლაც,წიგნს ვერაფერი შეცვლის.წიგნით მიღებული ცოდნა ღრმაა და არასოდეს გავიწყდება...

    ReplyDelete