მთავრობამ 2019 წლის 23 მაისის დადგენილებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში აქამდე დაანონსებული ცვლილებები ოფიციალურად დაამტკიცა.ცვლილება შეეხო მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების კომპონენტს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის წელიწადში 5 კრედიტ-ქულის დაგროვების შეზღუდვას, “ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ პედაგოგებს, რომლებსაც გარე დაკვირვების გავლა აღარ მოუწევთ და ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის 6 კრედიტ-ქულა მიენიჭებათ.
ამ ეტაპზე სქემაში არ ასახულა ის ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ გამოცდის საშუალებით წამყვანის, ან მენტორის სტატუსის მოპოვებას ეხება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი უფრო ვრცლად საუბრობს სქემაში განხორციელებულ ცვლილებებზე.
-კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა განასხვავებს ახალ სქემას ძველისგან და მას გარდამავალი შეიძლება ვუწოდოთ თუ ახალი?
-ყველაზე დიდი ცვლილება, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ვაანონსებდით, არის სტატუსის შენარჩუნების კომპონენტი. წამყვან და უფროს მასწავლებელს მოეხსნა სტატუსის შენარჩუნების ვალდებულება. წინა სქემით მასწავლებლებს სჭირდებოდათ 13 კრედიტ-ქულის დაგროვება იმისთვის, რომ უფროსის სტატუსი შეენარჩუნებინათ. მათ მოისმინეს არაერთხელ, რომ ეს შეიცვლებოდა. მასწავლებლების ნაწილმა უბრალოდ შეწყვიტა კრედიტ-ქულების დაგროვება. არ გვინდოდა, ეს რომ არ ასახულიყო სასწავლო წლის ბოლომდე სქემაში. ნამდვილად უნდა მოგვესწრო ამის დამტკიცება. შემდგომში როგორ გაგრძელდება იმ მასწავლებლების საქმიანობა, რომლებიც სკოლაში იყვნენ და დადასტურებული აქვთ როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარები გამოცდის საშუალებით, ამას დაარეგულირებს მასწავლებლის პროფესიული რეგულირების წესი, რომელიც 2020 წლიდან შევა ძალაში.
ამ ეტაპზე ის ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ 5 კრედიტ-ქულის დაგროვების შეზღუდვას, მოვხსენით და ესეც აისახა სქემაში. ეს ეხებოდა დამატებითი აქტივობებით კრედიტ-ქულების დაგროვებას, თორემ ისე გამოცდის საშუალებით შეეძლოთ 5 და მეტი კრედიტის დაგროვებაც.
ეს სქემა გარკვეულ ცვლილებებს დაექვემდებარება, ვიდრე არ ჩანაცვლდება მასწავლებელთა რეგულირების წესით, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წლიდან ამოქმედდება. მანამდე, ახლო მომავალში, სქემაში კიდევ გვექნება ცვლილებები, რომელიც აუცილებელია ამ რეფორმების კვალდაკვალ.
-სქემაში არის ჩანაწერი „პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტ-ქულებს“. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს გამოცდაში მიღებული კრედიტ-ქულების გარდა, დამატებით აქტივობებში მოგროვებული ქულებიც გაუუქმდებათ?
-ეს ჩანაწერი დაახლოებით 2- 3 წლის წინ გაჩნდა სქემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი, რომელიც უკეთესად მოემზადება და გაუმჯობესების მიზნით გავა გამოცდებზე, უკანასკნელი შედეგი აისახება მის საქმიანობაში. ანუ როდესაც წინა გამოცდაში მიღებული ჰქონდა 1 კრედიტქულა, შედეგის გაუმჯობესების მიზნით ის შეიძლება გავიდეს გამოცდაზე. ეს ეხება მხოლოდ გამოცდაზე მიღებულ შედეგს.
-თუ, მაგალითად, 4 კრედიტ-ქულა ჰქონდა გამოცდაზე მოპოვებული მასწავლებელს და ახლა 1-ს მოიპოვებს, ასეთ შემთხვევაშიც ბოლო შედეგი აისახება მის გვერდზე?
-მოდით, ასე ვთქვათ, მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ყოველ მომდევნო წელს გასული გამოცდაზე, უკეთეს შედეგს უნდა აჩვენებდეს. აქ საუბარი არის შედეგების გაუმჯობესებაზე. თუკი მას 7 კრედიტქულა ჰქონდა და არ აქვს იმედი, რომ უფრო მეტს მოიპოვებს, ასეთ შემთხვევაში ჯობია, საერთოდ არ გავიდეს გამოცდაზე.
-რა შეიცვალა მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესში?
-ამ ეტაპზე ყველაფერი იგივენაირად დარჩა. თუმცა ერთი კონკრეტული აქტივობა გაჩნდა, რომელიც ეხება სკოლების შეზღუდულ რაოდენობას. „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული 64-მდე სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მთელი სემესტრის მანძილზე ინტენსიურად მუშაობდნენ კურიკულუმის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, ლიდერების ქოუჩებთან ერთად, ისინი ამ სამუშაოში, მიიღებენ 6 კრედიტ-ქულას, რომლებსაც საგაკვეთილო დაკვირვებების ჩანაცვლება შეუძლია. მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ადგილზე ხდებოდა საგაკვეთილო დაკვირვებები და აღარ ევალებათ არც გარე დაკვირვების გავლა და არც სტანდარტული და სამოდელო გაკვეთილების ჩატარება. დანარჩენი კრედიტები სამუშაო შეხვედრებში აესახებათ. ასეთი, დაახლოებით 1300 მასწავლებელია.
-რაც შეეხება სტატუსის ასამაღლებელ გამოცდას, რომლის საშუალებითაც მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა, პირდაპირ, გამოცდის ჩაბარებით მოიპოვოს წამყვანის, ან მენტორის სტატუსი, როდიდან შეეძლებათ მისი ჩაბარება პედაგოგებს?
-ეს იქნება უკვე რეგულირების წესის ნაწილი. ამ ეტაპზე ჩვენ მასწავლებლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ 2015 წლიდან დაწყებული პროცესი მიიყვანონ ბოლომდე. შემდეგ ეს ჩანაცვლდება ახალი წესით. ანუ ჩვენ მასწავლებლებს, რომლებიც არიან შუა გზაში, ვაძლევთ საშუალებას ეს ყველაფერი დაასრულონ. სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდების შემუშავებაზე მოსამზადებელი პროცესები უკვე მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს მასწავლებლის სტანდარტის განახლება. იანვრიდან უკვე უნდა ველოდოთ ახალი გამოცდების შესახებ ინფორმაციას.
-ნოემბერში პროფესიაში შემსვლელებს, ანუ მასწავლებლობის მსურველებს შეეძლებათ გამოცდაზე დარეგისტრირება?
-ამ გამოცდაზე ბევრად მეტი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა ვიდრე წინა წლებში. 9 700-მდე მასწავლებლობის მსურველია დარეგისტრირებული, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაძლებელია, მივცეთ სტუდენტებსაც საშუალება, ახლა ვისაც არ აქვს დასრულებული სწავლა, რომ ნოემბერში გავიდნენ გამოცდებზე. ჯერ ამის წესი არ არსებობს, თუმცა დიდი ალბათობით ამის საშუალება მიეცემათ.
-ვისაც ჯერ არ აქვს დაწყებული სტატუსის ამაღლებაზე ზრუნვა, ისინი როგორ უნდა მოიქცნენ?
-დაელოდონ პროფესიული რეგულირების ახალ წესს. ნოემბრამდე განხილვები იქნება ინტენსიურ რეჟიმში. მანამდე ვისაც დაწყებული აქვს სტატუსის ამაღლებაზე ზრუნვა, მათ უნდა დაასრულონ ეს პროცესი.
-რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლის სქემას, რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
-სპეციალური მასწავლებლის სქემაზე ინტენსიურად მუშაობს ყველა ის უწყება, რომელსაც ეს ეხება. სამინისტრო წარმართავს ამ პროცესს. დოკუმენტიც მომდევო წელს იქნება.
-მაძიებლობის პროგრამა როდის ამოქმედდება?
-მაძიებლობის პროგრამა და წესი გადაგზავნილია სამინისტროში და ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ეს დოკუმენტი დამტკიცდება. პირი იქნება დასაქმებული სკოლაში და პარალელურად ჩაერთვება მაძიებლობის პროფესიული განვითარების პროგრამაში. ადგილზე მას გაუწევენ ზედამხედველობას და ამავდროულად ონლაინ კურსებს შევთავაზებთ, პროფესიული განვითარებისათვის. ეს იქნება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლა, მაქსიმუმ, ორწლიანი ვადით.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
No comments:
Post a Comment